მაგისტრობის კანდიდატებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისის 11:00 საათიდან დაიწყო. საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ცენტრი ასევე სთხოვს გამოცდების თითოეულ მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:
გამოსაცდელი ვებგვერდზე
online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა 21-22 ივლისს ჩატარდება. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრირებულია 10 000-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი.