ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. პროფესიონალი პედაგოგები ბავშვებს ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რაც ახალგაზრდებს მიღებული ცოდნის განმტკიცებასა და ასაევე შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაში ეხმარება.
სასწავლო წლის დასასრულს ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-8 „ა“ კლასის მოსწავლეებმა სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში, წარმოადგინეს სპექტაკლი „სოლომან მორბელაძე“, რომლის ორგანიზებაშიც ჩართულნი იყვნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: მაკა სართანია, მუსიკის მასწავლებელი: რუსუდან აბაშიძე, ხელოვნების მასწავლებელი: ლიკა ჯაფარიძე.
მოსწავლეებმა ტექსტი გადააკეთეს პიესად, მოირგეს როლები და გადაწყვიტეს რეალურ გარემოში გათამაშება. სცენების სანახაობრივ მხარეს აძლიერებდა საგანგებოდ შერჩეული მუსიკა, კოსტიუმი და მოსწავლეთა ხელით შექმნილი რესურსები.
„ნაცნობი პერსონაჟების როლის მორგებამ მოსწავლეთა შემოქმედებითი ძალების გააქტიურებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და საშუალება მისცა ბავშვებს ფარული არტისტული უნარები წარმოეჩინათ. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ერთ აქტივობაში სასარგებლო და სასიამოვნო ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს, როგორც მონაწილეთათვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.