კასპის მუნიციპალიტეტის, ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. აქედან გამომდინარე, პედაგოგები, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმადინარეობის პარალელურად, ბავშვებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რომელთა საშუალებითაც სასკოლო ცხოვრება ბევრად საინტერესო და სახალისო ხდება.
ახლახან ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლალი მურადაშვილმა მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებს საოცარი თავგადასავალი მოუწყო - გასვლითი აქტივობის ფარგლებში, პატარებმა კინოთეატრი, ეროვნული მუზეუმი, ზოოპარკი და მუშტაიდის ბაღი მოიარეს, დადებითი ემოციებით დატვირთულები კი დღის ბოლოს ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ.
„ჩემს მერცხლებს კიდევ ერთი სიფერადე ვუსახსოვრე (II-IIIკლასი). შთაბეჭდილებებით სავსე ბედნიერი დღე... სწორედ ასეთი იყო ჩვენი სასკოლო ექსკურსია, რომლის ძირითადი მიზანია ბავშვების შემოქმედებითი განვითარება, პრაქტიკული ცოდნის მიღება და არაფორმალურ გარემოში სოციალური უნარების განმტკიცება. საკლასო ოთახის გარეთ ბავშვები უფრო მხიარულევი, ლაღები, კომუნიკაბელურები ხდებიან და ცდილობენ, თავდაჯერებულად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.
ჩვენი დღის განრიგი მოიცავდა - სამგანზომილებიანი ფილმის ნახვას, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სტუმრობას და განტვირთვას ზოოპარკსა და მუშტაიდიში.
ბედნიერი დასვენების დღეები, ჩემო პატარებო“, - ასე გამოეხმაურა დამრიგებელი ლალი მურადაშვილი ჩატარებულ აქტივობას, სკოლის ადმინისტრაციამ კი მას მადლობა გადაუხადა ლამაზი დღეებისთვის.