მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო პროექტზე იმუშავეს და უცხოელ თანატოლებს საქართველოს კულტურა და ტრადიციები გააცნეს 
20-06-2025

2024-2025 სასწავლო წელი მიიწურა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება, ამისთვის კი მიმართავდნენ სხვადასხვა ღონისძიებებს, აქტივობებსა თუ პროექტებს. 

მათ შორის აღსანიშნავია საერთაშორისო პროექტი სახელწოდებით - „დეტალები წარსულის შესანიშნავი ჭრილები და სილუეტებია: გაეცანი და გაგვაცანი შენი ქვეყანა“, რომელსაც ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ვენერა მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა.

გრძელვადიან პროექტს მოსწავლეები სასწავლო წლის დასაწყისში შეუერთდნენ. მთელი წლის განმავლობაში კი აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა საინტერესო თემებზე, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსწავლეები ცდილობდნენ უცხოელი მონაწილეებისათვის (ჩართული იყო 6 ქვეყანა) გაეცნოთ ქართული ტრადიციები, კულტურა და კულინარია... ამ პროექტის მიზანი ხომ შემდეგი იყო:

  • შეესწავლათ სხვადასხვა კულტურა და გაეგოთ მათი უნიკალური მახასიათებლები, წეს-ჩვეულებები და ტრადიციები ენისა და საგნების სწავლების საშუალებით;
  • აემაღლებინათ ინტერკულტურული ცნობიერება;
  • განმტკიცებულიყო მრავალეთნიკური კავშირები;
  • ხელი შეწყობოდა ინტერპერსონალურ და კულტურათაშორის დიალოგს;
  • განვითარებულიყო ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ხელი შეწყობდა სოციოკულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას და სხვადასხვა საგნების ინტეგრაციას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტზე აქტიური მუშაობა 6 თვეს გაგრძელდა. დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს eTwininng-ის პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები. გარდა ამისა, პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს პროექტის მონაწილეებმა გააცნეს პრეზენტაციები, რომლებიც პროექტზე მუშაობას ასახავდა. 

შემაჯამებელმა ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაირა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი მომავალ წელს უფრო აქტიურად ჩაებან მოსწავლეები ამ პროექტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...