
მარტვილის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა, დამრიგებლის - მზევინარ ფუტკარაიას ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება გამართეს და წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და სკოლაში ზღაპრული განწყობა დაატრიალეს.
„მზევინარ მასწავლებელი და მისი უკვე დაფრთიანებული ბარტყები კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. საოცრად შთამბეჭდავი დღე გვაჩუქეს პატარებმა. ისინი ულამაზესი ღონისძიებით დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს. ლამაზ კოსტიუმებში გამოპრანჭული გოგო-ბიჭები ლამაზად მორთულ დარბაზში ულამაზესად ასრულებდნენ სხვადასხვა ნომრებს, იცეკვეს, იმღერეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს მინი სპექტაკლი“,- გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიების დასასრულს მზევინარ მასწავლებელმა მიულოცა მოსწავლეებს ოთხი კლასის დამთავრება და უსურვა შემდგომი წარმატებები ცოდნის დიდ გზაზე. ღონისძიებასაც ხომ ასე ერქვა - „წინ წარმატებისკენ!“
გზა მომავლისკენ პატარებს დაულოცეს მარტვილის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მაკა გულორდავამ და სკოლის დირექტორმა, ალექსანდრე კვესელავამ.
დირექტორმა მადლობა გადაუხადა ბავშვებს ლამაზი ღონისძიებისთვის, მათ მასწავლებელს - მზევინარ ფუტკარაიას და მშობლებს მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ფოტოები: