სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში, საუბარია იმ ცვლილებებზე, რომლებიც იგეგმება სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ მომზადებულია სკოლამდელი განათლების დივერსიფიკაციის კონცეფცია და მიმდინარეობს მუშაობა 2025 წლის საშემოდგომო სესიაზე საკანონმდებლო ცვლილების პაკეტის წარსადგენად.
გარდა ამისა, სკოლამდელ დაწესებულებაში დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისა და ადრეული განათლების კურიკულუმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში გადამზადდა 1000-ზე მეტი საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პერსონალი, როგორც დარგობრივი პროფესიული მოდულებით, ასევე პოზიტიური მშობლობის ხელშეწყობისა და დაწესებულების მართვის საკითხების მიმართულებით. 2024 წელს გამოვლენილია „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიწოდების მსურველი 6 ახალი ორგანიზაცია და მომზადებულია 16 ახალი ტრენერი (მიმწოდებელია სულ 18 ორგანიზაცია, 49 ტრენერი).
„სკოლამდელი განათლების რეფორმის ფარგლებში, ადამიანური რესურსის გაძლიერებისა და ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით, მხარდაჭერილია პრიორიტეტული საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ხორციელდება 4 საჯარო და 1 კერძო უნივერსიტეტის ბაზაზე, ხოლო აღმზრდელის უმაღლესი პროფესიული პროგრამა ხორცილდება 28 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში“, - აღნიშნულია მოხსენებაში.