თბილისის N37 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებითა თუ აქტივობებით გაჯერებული სასწავლო წელი დასრულდა. სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ, აქტიურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. ცხადია, სკოლაში არაერთი აქტივობითა და ღონისძიებით იზეიმეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
მათ შორის, ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ქეთევან რამიშვილმა მე-9ბ კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „ქართველი ქალები თავისუფლებისთვის“, მე-9ბ მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, სადაც განხილული იყო ქართველი ქალების სულისკვეთება და თავგანწირვა სამშობლოს თავისუფლებისათვის.
მარო მაყაშვილისა და სხვა ქალბატონების შესახებ შექმნილმა საპრეზენტაციო თემებმა ძალზედ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. მოგეხსენებათ სკოლა წარმოდგენილია მულტიკულტურული გარემოთი, შესაბამისად მოსწავლეები გულითადად გამოხატავდნენ ემპათიას რეპრესირებული ქალების მიმართ.
პრეზენტაცია მიმდინარეობდა დისკუსიის ფონზე, მოსწავლეები გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს ქალბატონების გმირობაზე, ომში მათ ჩართულობაზე, ქალები პარლამენტსა და მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე და სხვ.
ღია გაკვეთილმა სკოლის დირექტორის - ლარისა მელაძის მოწონება დაიმსახურა. დირექტორმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მსგავსი ტიპის თემატიკა დღევანდელ სამყაროში ძალზედ აქტუალურია.
იხილეთ ფოტოები: