საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ხელოვნების მასწავლებლის - ქეთი დევნოზაშვილის ძალისხმევით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეთა ნახატების ექსპოზიცია მოეწყო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გამოფენა, სადაც წარმოდგენილია პატარა ხელოვანების შემოქმედება არ არის უბრალოდ ნახატები, ეს არის ბავშვების უნიკალური ხედვა ბუნებისა და სხვადასხვა საგნების მიმართ, გადმოცემული დიდი სიყვარულითა და შემოქმედებითი თავისუფლებით.
ექსპოზიციაში შეხვდებით როგორც ფერად პეიზაჟებსა და შთამბეჭდავ ნატურმორტებს, ასევე მსოფლიო კლასიკოსების - ანრი მატისის, ვან გოგის, პაბლო პიკასოსა და ნიკო ფიროსმანის - ნამუშევრების ინტერპრეტაციებს, რომლებიც პატარა მხატვრებმა საკუთარ სტილში შეასრულეს.
„ფერთა თამაში, თამამი კომპოზიციები და უსაზღვრო ფანტაზია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხელოვნებას ნამდვილად არ აქვს ასაკი.
ეს ნახატები გვამოგზაურებს როგორც რეალურ, ისე წარმოსახვით სამყაროში და იწვევს სიხარულისა და სილამაზის მძაფრ შეგრძნებას. თითოეულ ნამუშევარში ჩანს ბავშვების გულწრფელობა და უშუალობა, რაც გამოფენას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ეს გამოფენა აჩვენებს არა მხოლოდ მოსწავლეთა ნიჭს, არამედ გვახსენებს ხელოვნების ძალას, რომელიც შთააგონებს და აერთიანებს ადამიანებს.
იხილეთ ფოტოები: