
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია, არასდროს ივიწყებენ მათ ღვაწლსა და ამაგს.
„მასწავლებლისთვის უმაღლესი ჯილდო მოსწავლის სიყვარული და გაწეული შრომის გამო მადლიერებაა. პედაგოგის უკვდავებაა, თუ წლების მერე შენი აღზრდილი მოსწავლე გაგიხსენებს და პატივს მიაგებს შენს ხსოვნას“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც, მასწავლებლის 101 წლის იუბილე აღნიშნეს.
9 ივნისს გამორჩეული დღე ობუჯის თემის N 1 საჯარო სკოლაში. სკოლამ ყოფილი მასწავლებლის - ქართული ენისა და ლიტერატურის პედგოგის - ლუცია შენგელაიას 101 წლის იუბილე აღნიშნა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს დღე განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ ამ ღონისძიების ინიციატორი და დამფინანსებელი გახლავთ ლუცია მასწავლებლის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოსწავლე, გაიოზ ქარდავა.
სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ მოცეკვავეები, მომღერლები, დეკლამატორები და, რა თქმა უნდა, მისი ყოფილი მოსწავლეები და კოლეგები. ღონისძიების მონაწილეებს ონლაინ მიმართა ლუცია მასწავლებლის შვილიშვილმა - თამარ მებონიამ.
„ეს ლამაზი ღონისძიება მარტო მასწავლებლისადმი პატივის მიგება არაა. ეს მოზარდი თაობებისათვის მადლიერების, სიყვარულის უდიდესი გაკვეთილია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბატონი გაიოზი ბევრი კეთილი საქმის მოთავეა. მისი დაფინანსებით მოხდა სოფლის, მთავარანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესიის ფუნდამენტის ჩაყრა.მადლობა მას, იმ მასწავლებლებს (მანანა კაკაჩიასა და რიმა ქანთარიას), მონაწილე მოსწავლეებს ამ საღამოს მოწყობისათვის. დაე, მსგავსი ღონისძიება ბევრჯერ ყოფილიყოს არა მარტო ჩვენს სკოლაში, არამედ, რაიონის, რესპუბლიკის სკოლებშიც. მასწავლებელს ნამდვილად ეკუთვნის აღზრდილთაგან პატივის მიგება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: