აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სავარაუდოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჭინჭარაძე დაინიშნება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ წერს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჯინჭარაძე წარადგინა.
„გიორგი ჯინჭარაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, რომელსაც მანამდე ჩვენს სტრუქტურებში რამდენიმე წლის განმავლობაში უმუშავია, წარდგენილია მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად. ამას საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება სჭირდება. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოგვცეს თანხმობა მის დანიშვნაზე. თანხმობის შემდეგ, გიორგი ჯინჭარაძე წარმოადგენს პროგრამას, მთავრობის ახალ შემადგენლობას, შემდეგ ჩვეულებრივი პროცესია - განხილვები კომიტეტებში და ბოლოს, პლენარული სხდომა, სადაც მთავრობა დამტკიცდება. პლენარული სხდომა 10 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს", - ამბობს ჯემალ გამახარია.
გიორგი ჭინჭარაძის სამუშაო გამოცდილება
2024/11-დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2024/08-2024/11 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე;
2021/04-2024/08 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;
2016-2020 - აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი;
2016/02-2016/08 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი;
2014-2016 - საქართველოს ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი;
2014/03-2014/09 - სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საბანკო დაზღვევის გაყიდვების ანალიტიკოსი;
2013-2014 - „თიბისი“ ბანკის საკრედიტო ექსპერტი.