წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის პედაგოგებმა მშობლებთან ერთად შემეცნებითი და მრავალმხრივ შთამბეჭდავი ექსკურსია მოაწყო.
მოსწავლეებთან ერთად მგზავრობდნენ სკოლის ექიმი, ზვიად ფორჩხიძე და მასწავლებლები: მაია ვაშალომიძე და გოჩა კრასოტკინი, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დღის ხალისიან და ორგანიზებულ მიმდინარეობაში.
მარშრუტი რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ადგილს მოიცავდა: ჭყვიშში მოსწავლეებმა მოინახულეს ქართული პოეზიის დიდი წარმომადგენლების, გალაკტიონ ტაბიძისა და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმები, შემდეგ გაემართნენ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, სადაც დაათვალიერეს კოლხეთის ისტორიის ამსახველი უნიკალური ექსპონატები,დღე დასრულდა დიდ ჯიხაიშში, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, რეფორმატორისა და მეცენატის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.
მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ მუზეუმების გიდებს, აქტიურად მონაწილეობდნენ საუბარში და ერთმანეთთან აზრების გაზიარებაც არ დავიწყებიათ. ექსკურსიის ბოლოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნურ საფარიან მოედანზე, გაიმართა სპორტული და მხიარული თამაშები, რაც ბავშვებისთვის დღე კიდევ უფრო დაუვიწყარ შთაბეჭდილებად აქცია.
კლასის დამრიგებლის თქმით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებასა და გუნდური სულის გაძლიერებაში. ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს მაია ვაშალომიძესა და გოჩა კრასოტკინს მათ აქტიურ ჩართულობასა და ბავშვების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისთვის.
„ეს დღე ნამდვილად დაუვიწყარი იქნება ჩვენი ბავშვების ცხოვრებაში - ცოდნასთან ერთად მათ მიიღეს სიხარული, გამოცდილება და შთაბეჭდილებები, რომლებიც კიდევ დიდხანს გაჰყვებათ,“ — აღნიშნეს ღონისძიების მონაწილეებმა.