„ძალიან თბილი გარემო სუფევდა დღეს მარტვილის N1 საჯარო სკოლაში. პატარა გოგო-ბიჭები,თითქმის უკვე მეხუთეკლასელები გაცისკროვნებული თვალებით დარბოდნენ სკოლის დერეფნებში. საზეიმოდ მოერთოთ სკოლის სააქტო დარბაზი და მოუთმენლად ელოდნენ სტუმრებს“, - ასე აღწერენ მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელების დაუვიწყარ ღონისძიებას, რომლითაც ისინი პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.
„ბავშვებმა კიდევ ერთი დიდი ზეიმი მოუწყვეს პირველ მასწავლებელსა და სკოლას. თითოეული მოსწავლის გამოსვლაში იგრძნობოდა ის დიდი სიყვარული და მოწიწება, რასაც ისინი განიცდიდნენ მანანა მასწავლებლისადმი. აღნიშნეს, რომ პირველი მასწავლებელი სამუდამოდ დარჩებათ მეხსიერებაში... რომ სულ ემახსოვრებათ, თუ როგორ ასწავლა კალმის სწორად დაჭერა, თუ როგორ უნდა დაეწერათ კავები და ჯოხები, გამოესახათ ასოები და ციფრები, წაეკითხათ პირველი სიტყვა და წინადადება, რომ მანანა მასწავლების გაკვეთილებმა ასწავლა მათ ცუდისა და კარგის გარჩევა, ასწავლა თუ რატომ და როგორ უნდა უყვარდეთ დედასამშობლო.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ცხოვრების ახლა ეტაპზე გადასვლას.
წარმატებები მომავლისკენ მიმავალ გზაზე, ძვირფასებო!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩვენ კი გეტყვით, რომ ამ დღეს მარტვილის N1 საჯარო სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო. ემოციების ზღვა და პირველ მასწავლებელთან დამშვიდობების სევდა, თუმცა დიდი სიყვარულით გაჟღენთილი.