
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, არხილოსკალოს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, პატრიოტი, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.
ახლახან, არხილოსკალოს საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის, ლია აფციაურის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს პატრიოტულ-შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით -„ისმოდეს საქართველოში სიმღერა საიბერიო!“.
ღონისძიების მთავარი მიზანი გახლდათ მოსწავლეებში ისტორიული ფაქტების შემეცნება, სამშობლოს სიყვარულის გაღვივება...
როგორც სკოლაში გვიამბობენ, მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობით და შემოქმედებითი მონდომებით წარმოადგინეს ლიტერატურული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. წარმოდგენა გაფორმებული იყო ეროვნული სიმბოლიკით, ტრადიციული მუსიკითა და სამოსით, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ღონისძიების პატრიოტული განწყობა და დატოვა დაუვიწყარი შთაბეჭდილება. შედეგად, ღონისძიებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბავშვების ეროვნულ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლებაში, გაზარდა მათი მოტივაცია და განამტკიცა სურვილი, იყვნენ საკუთარი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები.
„როგორც კლასის დამრიგებელი, გულითად მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში დაგვიდგა ამ გზაზე - მშობლებს, დაწყებითი საფეხურის კათედრას, მუსიკის მასწავლებელს და სკოლის დირექციას“, - განაცხადა პედაგოგმა, ლია აფციაურმა.
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს და მხარდამჭერს - თქვენი ერთიანობა, მონდომება და სიყვარული საქართველოს მიმართ შესანიშნავი მაგალითია ჩვენი მომავალი თაობისთვის. ასეთი ღონისძიებები საფუძველს უყრის სულიერად მდიდარ, ქვეყნის ღირებულებებზე აღმოცენებულ საზოგადოებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.