მესტიის N1 სკოლაში ​ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში - „გონიერი“ ჩატარდა
09-06-2025

დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

სულ ახლახან, მესტიის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში - „გონიერი“, რომელშიც ორი სკოლა მონაწილეობდა. 

დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლამ უმასპინძლა სოფელ მულახის საჯარო სკოლას. მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები. სკოლაში ცოდნამ და ინტელექტმა იზეიმა.

პროექტის ორგანიზატორი გახლავთ მესტიის N1 საჯარო სკოლის IV კლასის პედაგოგი ნინო გულბანი, რომელსაც ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა და შემართება. 

„მადლობას გიხდით, რომ დღეს ერთად ვიზეიმეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული დღე - „გონიერი“. 

დღეს მესტიის პირველი საჯარო სკოლის და მულახის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს ღონისძიება, რომელიც არა მხოლოდ ცოდნასა და ნიჭს გვაჩვენებს, არამედ გულწრფელ სურვილს - ვიყოთ გონიერები, სიკეთით სავსეები, პასუხისმგებლიანები და მომავლის მშენებლები.

თქვენ, პატარებო, ყოველდღიურად გვიმტკიცებთ, რომ სწავლა სიხარულია, გონიერება კი - საქმეებით და დამოკიდებულებით გამოიხატება: როდესაც ყურადღებით უსმენთ, მეგობარს ეხმარებით, თავაზიანად იქცევით ან ინტერესით ეუფლებით ახალ ცოდნას.

თქვენი ლექსები, სიმღერები, წარმოდგენები ნამდვილად გამორჩეული იყო - თითოეული თქვენგანი იყო პატარა ვარსკვლავი, რომელიც შრომით და სიყვარულით ანათებდა სცენაზე.

გონიერი ბავშვები - გონიერ საზოგადოებას აშენებენ.

მესტიის პირველი საჯარო სკოლა ამაყობს თქვენით და გპირდებით, რომ ყველა ნაბიჯზე გვერდით დაგიდგებით.

გილოცავთ დღევანდელ დღეს და გვინდა, რომ გონიერება მუდამ გფარავდეთ გზაზე - როგორც ცოდნის, ისე ადამიანობისკენ“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ვიდეოზე: გიორგი გაბლიანი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...