რა შემთხვევაში იხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე
27-06-2018
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ წესებს, რომლებიც უნდა დაიცვას აბიტურიენტმა გამოცდის მიმდინარეობისას:
• აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათში აღნიშნულ მისამართზე ბარათში მითითებული განრიგის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია. გაითვალისწინეთ - რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
• რეგისტრაცია იწყება გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე (ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო);
აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის (ბინადრობის)მოწმობა/პასპორტი ან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
• აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით), პირადი ჰიგიენის ნივთებისა და სურვილის შემთხვევაში, შავი ფერის გელიანი (ტუშის) კალმისა; აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ წესებს.
გაითვალისწინეთ, რომ აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან:
• ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. „შპარგალკის“, მობილური ტელეფონის, ე. წ. ტაბლეტის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
• წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
* ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.