წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
27 მაისს, აშკალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დაუვიწყარი დღე - „ანბანის ზეიმი“ მოაწყვეს. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს არის განსაკუთრებული სასკოლო ტრადიცია, რომელიც პატარებისათვის ერთგვარი გზაჯვარედინია: მათ უკვე შეისწავლეს ქართული და სომხური ანბანი, ახლა კი ეს წარმატება ზეიმით აღნიშნეს.
პირველკლასელებმა მშობლებს, მასწავლებლებსა და მიწვეულ სტუმრებს დაუვიწყარი წარმოდგენა აჩუქეს. ბავშვებმა დადგეს ლამაზი და შთამბეჭდავი სპექტაკლი, რომელიც ანბანის თემატიკას ეძღვნებოდა.
ღონისძიების მსვლელობისას პატარებმა იმღერეს და იცეკვეს, რამაც განსაკუთრებით გაახარა აუდიტორია. მშობლები სიამაყით ადევნებდნენ თვალს ბავშვების პირველ ნაბიჯებს სცენაზე და აღფრთოვანებით უსმენდნენ მათ წარმოთქმულ სიტყვებს.
მასწავლებლები ამბობენ, რომ ანბანის სწავლა არა მხოლოდ აკადემიური, არამედ ემოციური გზაა, რომლის გავლითაც ბავშვები იძენენ თავდაჯერებას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. სწორედ ეს იყო ანბანის ზეიმის მთავარი მიზანიც – პატარების წარმატებების დაფასება და მათთვის ამ დღის სასიხარულო, ტკბილ მოგონებად ქცევა.
დღესასწაული სიყვარულით, მუსიკითა და ოვაციებით იყო სავსე.
27 მაისი პირველკლასელებისთვის შემოქმედებითი გამარჯვების დღედ იქცა.
„ეს იყო დღე, რომელიც დაამახსოვრდებათ როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს – დღე, როცა სიტყვა პირველად იქცა დღესასწაულად“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან.
იხილეთ ფოტოები: