ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზია ურყევად დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.
ეს საძირკველი კი დაწყებითი საფეხურიდანვე იყრება, ხოლო მე-4 კლასის დასრულებისას, საოცარი ემოციებით ეთხოვებიან პირველ მასწავლებელს.
ულამაზესი ღონისძიებით დაემშვიდობნენ მოსწავლეები ეკა სამქანაშვილს - პედაგოგს, რომელიც ამაყად შეუძღვა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში და აზიარა განათლების საფუძვლებს.
იყო გულწრფელი ემოციები, მადლიერება, სიხარული, რომელიც სასწავლო წლის წარმატებით გავლას ახლავს და რა თქმა უნდა საყვარელ ეკა მასწავლებელთან განშორების სევდა.
ბავშვებმა წარმოადგინეს შემოქმედებითი ნომრები, შეასრულეს სიმღერები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთი ლამაზი დღესასწაული აჩუქეს მშობლიურ სკოლას.