ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სასწავლო მიღწევები კი პატარებმა ღონისძიებით აღნიშნეს და „დედაენას“ გამოემშვიდობნენ.
27 მაისს, სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, პირველკლასელებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა შეაჯამეს, ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, აღნიშნეს დამწერლობის უნიკალურობა და აქეს და ადიდეს „დედაენა“ და მისი შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი.
საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც - მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები და მინი-სპექტაკლი „თხა და გიგო“ გაითამაშეს. იყო ბევრი სიურპრიზი და თბილი ემოცია.
„მოვუსმინეთ მათ შემოქმედებას, გავიზიარეთ მათი პირველი ნაბიჯების სიხარული წიგნის სამყაროში და ერთად ვიზეიმეთ ამ სასწავლო წლის მშვენიერი დასასრული!“,- გვიყვებიან სკოლაში და პატარებს ბედნიერ არდადეგებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: