ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი გამოფენა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს
04-06-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის, ქისტაურის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.

ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ქისტაურის საჯარო სკოლა შთამბეჭდავი ღონისძიებით შეუერთდა, რომელიც, როგორც თავად გვიამბობენ, უკვე ტრადიციადაა ქცეული.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს ნამუშევრები, რომლებიც გამოფინეს და საინტერესო პრეზენტაციის თანხლებით, მოახდინეს საკუთარი შემოქმედების დემონსტრირება.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, „ღონისძიებამ საკმაოდ ხალისიანად და შთამბეჭდავად ჩაიარა. დამსწრე საზოგადოებამ კი სათანადოდ შეაფასა მოსწავლეთა უნარები და შესაძლებლობები“.

ბავშვებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, შექმნეს თემატური ნამუშევრები და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მსოფლიოში ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი. 

ინფორმაციისთვის: 1-ელი ივნისი მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც1925 წელს ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე ჟენევაში დაფუძნდა და მისი მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა გაძლიერდეს ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების, მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...