ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.
ეს საძირკველი კი დაწყებითი საფეხურიდანვე იყრება, როდესაც სკოლის ყველაზე უმცროსი წარმომადგენლები საოცარი ემოციებით იწყებენ ანბანის დასწავლას და სასწავლო წლის დასასრულს, ასეთივე საოცარი ემოციებით ეთხოვებიან მას, რათა სექტემბერში უფრო დიდი შემართებით ეზიარონ ცოდნას.
ამჯერადაც ულამაზესი ღონისძიებით გააცილეს ბარალეთის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი. აქტივობას ხელმძღვანელობდა სილვა ბერუჯანიანი.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, მინისკეტჩები, მხატვრულად წაიკითეს ლექსები და კიდევ ერთი ლამაზი დღე-სასწაული აჩუქეს მშობლიურ სკოლას.
ეს გახლდათ გულწრფელი ემოციების ზღვა, რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს არასოდეს დაავიწყდებათ.