„მაგდანას ლურჯას“ კვალდაკვალ - ეკატერინე გაბაშვილის ამბავი დღესაც ცოცხალია“ - გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გამორჩეული კლასგარეშე გაკვეთილი
03-06-2025

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეკატერინე გაბაშვილის ლიტერატურულ სამყაროში იმოგზაურეს. 

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე, სასკოლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, III და IV კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების - ლია ლოგუასა და თეა გაგუას ხელმძღვანელობით კლასგარეშე გაკვეთილზე გადაინაცვლეს ეკატერინე გაბაშვილის უკვდავ ტექსტთან - „მაგდანას ლურჯა“.

„სიუჟეტს პირველად ლიტერატურული ტექსტის მეშვეობით შევეხეთ. მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეებს შევთავაზეთ ამავე სახელწოდების ქართული კლასიკური ფილმის ჩვენება, რომელმაც მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა“,- გვიყვებიან პედაგოგები. 

ფილმის მსვლელობისას პედაგოგებმა მიმართეს საგანმანათლებლო კომენტარებს – ისაუბრეს შინაარსობრივ ხაზებზე, რეჟისორულ გადაწყვეტებზე, მუსიკალურ ფონსა და რიტმზე, კადრების ემოციურ ინტენსივობასა და ისტორიული ეპოქის თავისებურებების მხატვრულ გამოხატვაზე.

ფინალში გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა თავისუფლად გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება გმირების მიმართ, გააანალიზეს სოციუმის როლი, დააფიქსირეს მოსაზრებები სამართლიანობის, ღირსებისა და დედობრივი სიყვარულის თემებზე.

„ეკატერინე გაბაშვილის ხმა დღესაც გვესმის – იმედის, სიმართლისა და ადამიანის სიწმინდის სადარაჯოზე. „მაგდანას ლურჯას“ კვალდაკვალ – ეკატერინე გაბაშვილის ამბავი დღესაც ცოცხალია“,- აღნიშნავენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები და მოსწავლეებს კიდე არაერთ დაუვიწყარ მოგზაურობას ჰპირდებიან ლიტერატურულ სამყაროში. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203