მარტვილის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი ლამაზი და ემოციური ღონისძიებით გააცილეს
02-06-2025

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. თავის მხრივ, პროფესიონალი პედაგოგები უწყვეტად ზრუნავენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, რასაც ემსახურება მრავალფეროვანი შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები.

მათ შორის, აღსანიშნავია საოცრად ემოციური ღონისძიება, რომლითაც პირველკლასელებმა მშობლიური ანბანი გააცილეს და როგორც სკოლაში გვიამბობენ, მასწავლებლებს კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქეს.

„როგორ დაფრთიანებულან ჩვენი პაწაწინა ანგელოზები! ანგელოზები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქეს. პატარებმა საოცარი შემართებით „გააცილეს ანბანი“! როგორ გაერთნენ თვითონ და გაგვართეს ჩვენც, მშობლები და მასწავლებლები...

ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ცოდნის შეჯამებაში. წარმოადგინეს ინსცენირება, სადაც იაკობ გოგებაშვილიც კი გააცოცხლეს. მოეფერნენ და მიესიყვარულნენ ანბანის თითოეულ ასო-ბგერას, იცეკვეს, იმღერეს. მასწავლებლებმა მათ მიულოცეს სასწავლო წლის წარმატებით დამთავრება და გადასცეს სიგელი სასწავლო წლის მანძილზე გამოჩენილი აქტივობისთვის, აქტივობებში მიღწეული შედეგებისა და სასწავლო პროგრამის წარმატებთ ათვისებისათვის“, ასე გამოეხმაურა მარტვილის N1 საჯარო სკოლა პატარების ღონისძიებას.

აქტივობის დასასრულს კი პატარებმა სურვილები საჰაერო ბუშტებს მიაბეს და ცაში გაუშვეს.

„მადლობა ასეთი ლამაზი ღონისძიებისთვის სკოლის I „ა“ და „ბ“ კლასის მასწავლებლებს -  ქალბატონ მანანა ქვარცხავას და ქალბატონ ეკა თაფლაძეს“, - ნათქვმია ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...