ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მუხურის თემის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. თავის მხრივ, პროფესიონალი პედაგოგები უწყვეტად ზრუნავენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, იმავდროულად კი ჰქონდეთ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ საკუთარი უნარები.
ახლახან მუხურის თემის საჯარო სკოლაში მათემატიკის კათედრის წევრების ინიციატივით გაიმართა მეტად საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება, სახელწოდებით - „მათემატიკის სამყაროში“.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ V, V I და VII კლასების მოსწავლეები.
„მათ მოახერხეს დამსწრე საზოგადოების მონუსხვა, წარმოადგინეს ნომრები როგორც სამეცნიერო ,ისე სახალისო მათემატიკიდან, გაითამაშეს სცენები მათემატიკური ლოგიკის გამოყენებით, შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს სპეციალურად ამ დღისთვის მიძღვნილი საკუთარი ლექსები.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა. სკოლის დირექტორმა, თავად მათემატიკოსმა, ბატონმა როდერ ცირდავამ, შეაჯამა ღონისძიება და პედაგოგებს: მანანა ცირდავას, ქეთინო კვირკველიასა და ირმა პაპავას მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.