გომბორის საჯარო სკოლაში მარტყოფის ბრძოლის 400 წლისთავთან დაკავშირებით, „გიორგი  სააკაძის ფენომენის კვლევის ცენტრის“ დირექტორს უმასპინძლეს
02-06-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში, დირექტორის - ნინო ბობღიაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი  ყურადღება ექცევა მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების  ამაღლებას, ეროვნული  ფასეულობების  განმტკიცებას,  ჩვენი ქვეყნისა და მისი ისტორიის პატივისცემას.

წელს მარტყოფის ბრძოლიდან (1625  წ. 7 აპრილი) 400 წელი გავიდა.

გომბორის საჯარო სკოლის დამსახურებული პედაგოგის - ლეილა არჩემაშვილის თხოვნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას 30 მაისს პოეტი და საზოგადო მოღვაწე, „გიორგი სააკაძის ფენომენის კვლევის ცენტრის“ დირექტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ვაჟა  ოთარაშვილი ესტუმრა. 

მას გამოცემული აქვს წიგნები - „გიორგი სააკაძის ფენომენი და თარხან-მოურავები“ I (2018 წ,) და II ტომი (2023 წ, მესამე ტომიც 2025 წლის ბოლოს დაიბეჭდება. ეს არის ისტორიოგრაფიული კვლევა გიორგი სააკაძის შესახებ, რომლებიც როგორც ევროპულ, ასევე აღმოსავლურ საარქივო მასალებს  მოიცავს.

წიგნის ავტორმა ვრცლად ისაუბრა გიორგი სააკაძის პიროვნებაზე. მან აღნიშნა, რომ ნაშრომში მოცემულია უნიკალური საარქივო მასალები, რომლებიც ვატიკანის, ასევე ირანისა და თურქეთის ისტორიულ დოკუმენტებს ეყრდნობა. გმირ  ქართველს სიკვდილამდე  რჯული არ შეუცვლია და იგი  ევროპელ მისიონერებს სთავაზობდა, შექმნილიყო ევროპული გაერთიანება.

სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები დიდი ინტერესით უსმენდნენ მოწვეულ სტუმარს. ლექცია-გაკვეთილის ბოლოს ბავშვებმა პოეტ ვაჟა ოთარაშვილის პატრიოტულ თემაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს. 

მწერალს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პედაგოგები და სკოლის დირექტორი. მათ დიდი მადლობა გადაუხადეს პოეტს ასეთი უძვირფასესი მასალების მოძიებისა და მათთვის გაცნობისათვის.

პროფესორმა ვაჟა ოთარაშვილმა გომბორის საჯარო სკოლას მიწვევისათვის დიდი მადლობა  გადაუხადა და სასკოლო ბიბლიოთეკას საკუთარი წიგნები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:   

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203