„პირველი წარმატების ზეიმი“ - სიხარულის, სიამაყისა და ერთიანობის სიმბოლოდ ქცეული ღონისძიება სამთაწყაროს საჯარო სკოლაში 
29-05-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის I კლასის დამრიგებელმა თავის სადამრიგებლო კლასში განახორციელა განსაკუთრებული და დაუვიწყარი ღონისძიება - „პირველი წარმატების ზეიმი“, რომელიც მიეძღვნა პატარა მოსწავლეების მიერ ანბანის წარმატებით დაუფლებასა და სასწავლო წლის ღირსეულად დასრულებას. ეს ზეიმი გახდა სიხარულის, სიამაყისა და ერთიანობის სიმბოლო, სადაც მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა ერთად შექმნეს თბილი და საოცარი გარემო.

ღონისძიების მიზანი იყო სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების გამოვლენა, ასევე მშობლებსა და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება. იმავდროულად, ღონისძიება ხელს უწყობდა მოსწავლეებში საჯარო გამოსვლის, გუნდური მუშაობისა და თავდაჯერებულობის განვითარებას.

მოსწავლეებმა მაყურებელი მოხიბლეს თავიანთი ნიჭისა და შემოქმედებით. მათ შეასრულეს ფერადი ცეკვები, გაახმოვანეს სიმღერები, გაგვახარეს გულწრფელი ლექსებითა და მშობლებთან ერთად მომზადებული სასცენო ნომრებით, რომლებიც სავსე იყო ემოციებითა და სითბოთი. თითოეული გამოსვლა გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიყვარულითა და ერთგულებით, რამაც ყველა დამსწრის გული მოიგო.

ღონისძიების გარემო თვალწარმტაცი და ჯადოსნური იყო, რაც მშობლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობისა და თავდადების შედეგი გახდა. ფერადი დეკორაციები, თბილი განწყობა და ბავშვების ღიმილიანი სახეები ქმნიდა ზეიმის ხასიათს, რომელიც ყველასთვის დაუვიწყარი გახდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები, მშობლები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური და დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი. მათი ყოფნა ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა.

საზეიმო ნაწილის დასასრულს, კლასის დამრიგებელმა მოსწავლეებს გადასცა სამახსოვრო სიგელები, რომლებიც მათი შრომისა და ძალისხმევის აღიარება იყო. სკოლის დირექტორმა გადაეცა სასწავლო წლის წარმატებით დასრულების სიგელები და კლასის საერთო სიგელი, ხოლო დამრიგებელს მადლობის სიგელი გადაეცა ამ შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისთვის.

დასასრულს, სკოლის დირექტორმა თბილი სიტყვებით მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ამ ჯადოსნური ღონისძიების განხორციელებისთვის. მან უსურვა ყველას წარმატებები, განვითარება და ახალი მიღწევები მომავალ სასწავლო წელში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203