
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან. ცხადია, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას მასშტაბური სახე ჰქონდა და თითქმის ყველა კლასი მონაწილეობდა.
საღამო საქართველოს სიყვარულით და ქართველობის სიამაყის განცდით იყო დამუხტული, ეს იყო წარსულის დაფასების, აწმყოს მადლიერების და მომავლის მსახურების ერთგვარი განაცხადი. ლექსები და სიმღერები სამშობლოზე, ქართული ცეკვები მსმენელთა ოვაციების ფონზე მიმდინარეობდა.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა პატრიოტული სული და მონდომება.
„მადლობა ბავშვებო ამ სიამოვნებისთვის, იმ გულწრფელი სიყვარულისა და ემოციებისთვის რაც გადამდები იყო აუდიტორიისთვის. მადლობა კლასის დამრიგებლებს მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ნანა ჭელიძეს, მუსიკის პედაგოგს! გაუმარჯოს საქართველოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.