
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
სკოლაში „ბოლო ზარი“ ორი მე-12 კლასელისთვის დაირეკა. გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. ნიკა ბერიძისა და იოსებ მუკუტაძის გამოჩენა განსაკუთრებულ მოვლენად იქცა - ისინი სკოლაში საზეიმოდ მორთული ტრაქტორებით გამოცხადდნენ და დღეს განსაკუთრებული სიხალისე შემატეს.
კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სასკოლო ცხოვრების საუკეთესო ეპიზოდები გააცოცხლეს. ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. ახალგაზრდების გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას დაესწრნენ ბაღის აღსაზრდელებიც. მომავალ პირველკლასელებს მე-12 კლაელებმა, სიმბოლურად, ადგილი დაუთმეს.
„მათ, მომავალი თაობების მისაბაძად, უბრალოების გამოსახატად, საკუთარი ტრაქტორები საზეიმოდ მორთეს და ორიგინალური ტრანსპორტით მოვიდნენ ბოლო ზარზე. ნიკა კოლეჯ „აისის“ ელექტროობის სპეციალობის სტუდენტიცაა და სტიპენდიის კონკურსის გამარჯვებულიც“,- გვეუბნებიან სკოლაში და კურსდამთავრებულებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დიდი სიყვარულით აცილებენ.
ფიროსმანის საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს კურსდამთავრებულებს სკოლის წარმატებით დასრულებას და დიდ წარმატებებს უსურვევს მათ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: