1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. მართალია, წელს თარიღი უქმე დღეს ემთხვევა, თუმცა სკოლებში მაინც ტარდება სხვადასხვა ტიპის აქტივობები მოსწავლეებისთვის, ამიტომ გთავაზობთ, რამდენიმე აქტივობას, რომელიც შეგიძლიათ დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ჩაატაროთ.
აქტივობები სახალისო და შემეცნებითი ხასიათისაა, რაც მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობასაც დაანახებს და დღეს ხალისიანადაც გაატარებინებს.
„ჩემი უფლებები“ - გააკეთებინეთ ჩანახატი ან დააწერინეთ, რა იციან თავიანთი უფლებების შესახებ;
„მე ვარ სუპერგმირი“ - თითოეულ მოსწავლე აღწერს, რა ძალების სუპერგმირს შექმნიდა ბავშვების დასაცავად;
„ეზოს მოხატვა“ - მოახატვინეთ სკოლის ეზო ფერადი ცარცებით - ეს ბავშვებისთვის განსაკუთრებით სახალისო აქტივობა იქნება;
„ჩემი ოცნების სკოლა“ - შეგიძლიათ დაფაზე დახატოთ სკოლა და მოსწავლეებს კითხოთ, როგორ სკოლას ისურვებდნენ რას შეცვლიდნენ, რა არ მოსწონთ დასახოთ ამ სურვილების რეალობაში გადატანის გზები;
„ემოციები“ - დაახატვინეთ სხვადასხვა ემოციის მქონე სახე და ასაუბრეთ მოსწავლეები თითოეულ მათგანზე;
„ფერადი ბუშტები“ - მოატანინეთ მოსწავლეებს ფერადი ბუშტები გააბერინეთ და დააწერინეთ თავიანთი სახელები, შემდგომ აურიეთ ბუშტები და სთხოვეთ მოძებნონ მათი სახელობის ბუშტები.
„დაასაჩუქრე მეგობარი“ - თითოეული მოსწავლე შექმნის ნახატს, რომელსაც შემდგომ მის გვერდით მჯდომს აჩუქებს; შესაძლებელია დაამზადებინოთ ფერადი ფურცლებისგან შექმნილი სხვადასხვა ნივთები მაგ. სამაჯურები, ყვავილები...