ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა.
21 მაისს სკოლაში რიგით 49-ე „ბოლო ზარი“. წელს სკოლიდან 9 კურსდამთავრებული გააცილეს - 4 გოგო და 5 ბიჭი.
მოსწავლეები გამოსამშვიდობებელი ღონისძიებისთვის ერთი თვეა განსაკუთრებულად ემზადებიან. ლამაზად მორთეს საკლასო ოთახი და მთელი სკოლა. დამრიგებლის - ლარისა დოშოიანის დახმარებით კი შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს.
ღონისძიება ქართული და სომხური ჰიმნით დაიწყო. სიტყვით გამოვიდნენ და ახალგაზრდებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორმა, პირველმა დამრიგებელმა და რამდენიმე მასწავლებელმა. აღზრდილებს ბრწყინვალე მომავალი უსურვეს და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს.
მოსწავლეებმა კი მადლობა გადაუხადეს დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული.
იხილეთ ფოტოები: