საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის თეატრალურმა დასმა ფესტივალი „ქიზიყი 2025“ საინტერესო სპექტაკლით გახსნა 
27-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის თეატრალურმა დასმა - „რამპა“, მარი თაბაგარის რეჟისორობითა და სცენარით, წარმატებით გახსნა თეატრალური ფესტივალი „ქიზიყი 2025“ სპექტაკლით - „ჩემო კარგო ქვეყანავ“.

ღონისძიება, რომელიც სიღნაღში, 24 მაისს გაიმართა, ნამდვილ მოვლენად იქცა ახალგაზრდა მსახიობებისთვის და ოთხი მნიშვნელოვანი ნომინაცია მოუტანა დასს.

სპექტაკლი, რომელიც საათსა და ოცდახუთ წუთში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას აერთიანებდა, დიდი შრომისა და თავდადების ნაყოფი იყო.

მარი თაბაგარისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორის - ლალი მელივას ხელმძღვანელობით, „რამპას“ მსახიობებმა შეძლეს ილიას ეპოქის სრულფასოვანი გადმოცემა, მაყურებელს კი საკუთარივით გაუზიარეს ილიასეული საფიქრალ-საზრუნავი, ცენზურა და ერის ბედი. სპექტაკლი არა მხოლოდ ილიას ცხოვრების ქრონიკა იყო, არამედ მისი შემოქმედების ღრმა ინტერპრეტაცია, სადაც თითოეული პერსონაჟი, ილია ჭავჭავაძიდან დაწყებული ოთარაანთ ქვრივით დამთავრებული, მთელი ეპოქის წარმომჩენად იქცა.

ფესტივალზე გამოსვლა „რამპას“ პატარა მსახიობებისთვის უცხო გარემო იყო, თუმცა მათ შესანიშნავად გაართვეს თავი და, როგორც რეჟისორი აღნიშნავს, დიდ სცენაზე მათი „ნათლობაც“ შედგა.

მარი თაბაგარი განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს მთავარი როლის შემსრულებელ - დასის დინჯსა და დარბაისელ წევრზე ილია წიკლაურზე. ასევე აღსანიშნავია, შეყვარებული ოლღას, ტრაგიზმით სავსე ქვრივი ცოლის, ელისაბედ ჭავჭავაძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ეკატერინე გაბაშვილის, ნინო პოლტორაცკაიას, გიგა ყიფშიძის, იაკობ მანსვეტაშვილის, ვაჟა-ფშაველას, მკაცრი ოთარაანთ ქვრივის, ლელთ ღუნიას, ლუარსაბისა და დარეჯანის, ასევე მკვლელის როლების ოსტატური შესრულება.

„ჩემო კარგო ქვეყანავ“ ოთხი ნომინაციის მფლობელი გახდა, რაც დასის შრომისა და ნიჭის აღიარებაა:

ვაჟის საუკეთესო როლი - ილია წიკლაური (ილია ჭავჭავაძე)

გოგონას მეორეხარისხოვანი საუკეთესო როლი - მარიამ ანთიძე (ელისაბედ ჭავჭავაძე)

საუკეთესო ფოლკლორი სპექტაკლში - „ჩემო კარგო ქვეყანავ“ (მუსიკალური ხელმძღვანელი: ნინო ბიბილური)

ლიტერატურული ნაწარმოების საუკეთესო ინტერპრეტაცია - თეატრალური დასი „რამპა“.

მარი თაბაგარი მადლობას უხდის ყველას, ვინც სპექტაკლის შექმნასა და წარმატებაში წვლილი შეიტანა. მან განსაკუთრებით გამოყო ქორეოგრაფი ნათია ხუჭუა და სპექტაკლის პროდიუსერი, ქალბატონი ლალი მელივა, რომელმაც „დაუვიწყარი დღეები“ აჩუქა დასს.

ფესტივალის ორგანიზატორებსა და სიღნაღის მერიას, ასევე, მადლობას მოახსენებს მონაწილეებისთვის შექმნილი დაუვიწყარი გამოცდილებისთვის.

მარი თაბაგარმა მადლობა გადაუხადა ბატონ მურად ვაშაკიძეს პროფესიული რჩევებისთვის, მერის მოადგილეს კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხებში, ბატონ გოჩა ვარდიაშვილს, ქალბატონ თეა დავითაიას და ფესტივალის წამყვანსა და ორგანიზატორს, ბატონ ხვიჩა ახალაიას.

მარი თაბაგარმა ხაზგასმით აღნიშნა, სპექტაკლის პირველი შემფასებლების როლი, რომლებმაც ობიექტური და ფასეული შეფასებები მისცეს: პროფესორი, თბილისის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, ბატონი იოსებ ჭუმბურიძე, პოეტი და პროფესორი, ქალბატონი ქეთევან შენგელია და პოეტი ეკა ქაჯაია. მათი სიტყვები, მარი თაბაგარის თქმით, „მარგალიტებად აიკინძა გონებაში“.

სპექტაკლი „ჩემო კარგო ქვეყანავ“ არა მხოლოდ ახალგაზრდა ტალანტების წარმატებული დებიუტი იყო, არამედ ილია ჭავჭავაძის უკვდავი შემოქმედების კიდევ ერთი აღორძინება სცენაზე, რამაც მაყურებლისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...