ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლის გარდაცვალების ფაქტს, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება მოჰყვა, რასაც N106 სკოლა სოციალურ ქსელში ეხმაურება და პოსტს უცვლელად გთვაზობთ:
„პასუხი ტყუილებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ფორმულა TV- ს საინფორმაციოს
მოგეხსენებათ, მედია მასობრივი კომუნიკაციის საშუალებაა, რომლის მეშვეობით საზოგადოება რეგულარულად იღებს ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე. მედიის მოვალეობა კი ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაა საზოგადოებისათვის არსებული მოვლენების შესახებ.
ყველა ადამიანს აქვს უფლება ტელევიზიის, რადიოსა თუ ინტერნეტის საშუალებით ეცნობოდეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. თქვენი ტელევიზიით კი გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს სკოლა გულგრილად მოეკიდა VIII კლასელი მოსწავლის სუიციდს, რაც მტკნარი სიცრუეა.
ორშაბათს, 19 მაისს დატრიალებული ტრაგედიის დღეს, 13:00 სთ. სკოლაში დაგეგმილი იყო შეხვედრა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან, ღონისძიება გაუქმდა და ამის გადამოწმება თავად პოეტთან შეგიძლიათ.
ასევე, 20 მაისს მე-12 კლასის მოსწავლეებმა თვითონ გააუქმეს ,,ბოლო ზარის“ საზეიმო კონცერტი და მხოლოდ პერანგებზე წარწერით შემოიფარგლნენ. გაუქმდა სკოლის ჩემპიონატი ფეხბურთში, ასევე გაუქმდა მე-4 კლასელთა დამამთავრებელი საზეიმო ღონისძიებები.
თქვენ ტელევიზიით არასწორი ინფორმაცია მიაწოდეთ საზოგადოებას. დიდი ტყუილია ის, თითქოს ბავშვი ახალი გადმოსული იყო სხვა სკოლიდან, სინამდვილეში, თანაკლასელები საბავშვო ბაღიდან ერთად მოდიან. ასევე, ინფორმაცია ბულინგის შესახებ, თითქოს გოგონას სკოლაში აბულინგებდნენ, სკოლამ კი არ მიაქცია ყურადღება, არ მიიღო შესაბამისი ზომები, სიმართლეს არ შეესაბამება.
მოგახსენებთ, რომ თქვენმა დეზინფორმაციამ გამოიწვია პანიკა საზოგადოებაში, ამიტომ, მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოიხადოთ ბოდიში სკოლის, პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების წინაშე“.