მე-9 და მე-10 კლასებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
21-05-2025

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საფეხურებში შემავალი კლასების ცვლილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ზოგადი განათლების კანონში ცვლილებები ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა

ცვლილება შედის საფეხურის შემავალ კლასებში. 2024-2025 სასწავლო წლიდან,

მე-10 კლასი უნდა გახდეს საბაზო საფეხური და განახლებული ლოგიკით უნდა მოხდეს საფეხურის ქულის დათვლა.

ასევე, 2024-2025 სასწავლო წელს ცვლილებები არ ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც უკვე სწავლობენ მე-10, მე-11 ან მე-12 კლასებში, ან ექსტერნატის ფორმით ასრულებენ მე-9 კლასს.

ჩატარებული ცვლილება ეხება საფეხურში შემავალ კლასებს. კერძოდ:

დაწყებითი საფეხური მოიცავს 1-6 კლასებს;

საბაზო საფეხური მოიცავს 7-10 კლასებს;

საშუალო საფეხური მოიცავს 11-12 კლასებს.

გასათვალისწინებელი საკითხები:

მოსწავლეებმა, რომლებმაც უკვე დაასრულეს საბაზო საფეხური, ცვლილებები არ გავრცელდება;

მოსწავლეები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში გადავლენ მე-9 კლასში ან იმყოფებიან მასზე ქვედა კლასში, შეფასდებიან ახალი მექანიზმის საფუძველზე;

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს უკვე დასრულებული აქვს რომელიმე საფეხური, მას აღნიშნული ცვლილებები არ შეეხება;

თუ მოსწავლემ სტატუსი აღიდგინა მე-10 კლასში და ამავდროულად უკვე აქვს დასრულებული საბაზო საფეხური (ანუ დახურული აქვს მე-7, მე-8 და მე-9 კლასები), მაშინ მე-10 კლასი მიეკუთვნება საშუალო საფეხურს და შეფასება განხორციელდება ძველი მეთოდით;

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს უკვე დასრულებული აქვს მე-9 კლასი და აქვს მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი მოწმობა საბაზო საფეხურის დასრულების შესახებ, იგი არ ექვემდებარება ახალი სქემით გათვალისწინებულ წესებს. შესაბამისად, ცვლილებები მასზე არ ვრცელდება

იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ექსტერნის წესით უწევთ მე-9 კლასის დაძლევა, აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება და ისინი მიიღებენ საბაზო საფეხურის ატესტატს.

საფეხურის ქულის დათვლის ლოგიკის ცვლილება

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით იცვლება საფეხურის საშუალო ქულის დათვლის ლოგიკა.

პირველ ეტაპზე თითოეული საგნის საშუალო ქულა გამოითვლება იმ წლების მიხედვით, რომელიც შედის ამ საფეხურში, ხოლო შემდეგ ყველა ამ ქულით დაითვლება ჯამური საშუალო ქულა.

შეგახსენებთ, რომ განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი ტიპები: (მე-7 მუხლის მე-16 პუნქტი)

საფეხურის ქულა – საფეხურის განმავლობაში ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულის საშუალო ქულა;

საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა წლიური ქულების საერთო რაოდენობაზე;

საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე, 9.75 მრგვალდება 9.8-მდე).

საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ. 7.25 მრგვალდება 7-მდე, 4.49 მრგვალდება 4-მდე, 9.5 მრგვალდება 10-მდე).

წლიური ნიშნების რედაქტირების ვადები შეიცვალა - დეტალური ინფორმაცია პედაგოგებისთვის

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...