წალკის მუნიციპალიტეტის, დაბა თრიალეთის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.
ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, დაბა თრიალეთის საჯარო სკოლაში, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებზე მორგებული არაერთი პროექტი წარმატებით ხორციელდება და მათ შორისაა „ჩვენი ჯარი“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა საინტერესო შეხვედრა გამართეს.
„მადლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრისათვის“, - ასე გამოეხმაურა სკოლა ჩატარებულ აქტივობას.
ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ პროექტი „ჩვენი ჯარი“ ითვალისწინებს მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, შეიარაღებულ ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებში და საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გაცნობას.