ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით დააგვირგვინეს საერთაშორისო პროექტი - „ვეცნობით ერთმანეთის კულტურას: გზა გლობალური მოქალაქეობისკენ“, რომლის დამფუძნებელია ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზაზა შულაია.
ახლახან, პროექტის მონაწილე მოსწავლე-მასწავლებლებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. პროექტმა 2024 წლის სექტემბერში აიღო სტარტი. მასში ჩართული იყო 11 ქვეყნის (საქართველო, თურქეთი, რუმინეთი, იტალია, ხორვატია, ესპანეთი, მაკედონია, სომხეთი, უკრაინა, ჩეხეთი, პალესტინა) 29 სკოლა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს შემდეგი აქტივობები:
1. პროექტის გაცნობა, გუნდების ფორმირება, ონლაინ გაცნობითი შეხვედრა პარტნიორ სკოლებთან;
2. „ჩემი ქვეყნის მოკლე ისტორია, სახელმწიფო ენა(ენები)“ - კვლევა და პრეზენტაციები;
3. „ჩემი ქვეყნის ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, ფოლკორი და მითოლოგია“- ვირტუალური გამოფენა;
4. „ჩვენი ეროვნული სამოსი და კერძები“- ონლაინ მოდის ჩვენება; ვირტუალური კულინარიული მასტერკლასი;
5. „ჩემი ქვეყნის მრავალფეროვნება და ტოლერანტობა“ - დოკუმენტური ფილმების შექმნა;
6. „ჩემი ქვეყნის კულტურული ღირსშესანიშნაობები და ლიტერატურული საგანძური“ - ვირტუალური ტურები;
7. „ჩემი ქვეყნის კულტურის გამორჩეული მოღვაწეები და ხელოვნების მრავალფეროვნება“- ინტერაქტიული ონლაინ გამოფენა; ვირტუალური გალერეა“;
8. პროექტის შეჯამება, შედეგების გავრცელება და სამომავლო გეგმების დასახვა.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
პროექტის დამფუძნებელი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზაზა შულაია მადლობას უხდის მოსწავლე-მასწავლებლებს პროექტში აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.
„პროექტში მონაწილე თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს მადლობას ვუხდი ძალიან საინტერესო, აქტიური და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისათვის. პროექტის მართვის პროცესში მხარდაჭერისათვის მადლიერებას გამოვხატავ ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის- ნატალი გოგოლაძე ისა და ჩემი კოლეგების - მაია ოდიშარიასა და გულისა გეგეშიძის მიმართ“,- აღნიშნავს პედაგოგი.