პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება და სარეგისტრაციო გვერდი, http://registration.emis.ge სწორედ ამ დღეს, დილის 9 საათზე გაიხსნება.
ვისაც გამოცდილება არ გაქვთ, შეგამზადებთ, რომ ბავშვის სასურველ სკოლაში დარეგისტრირება მშობლებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, ვინაიდან საყოველთაო რეგისტრაციის დროს სკოლებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა ელვის სისწრაფით ივსება და სასურველ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დარეგისტრირება შესაძლოა ვერ მოასწროთ. ამიტომაც გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელის გამოყენებითაც შეძლებთ სწრაფად დაარეგისტრიროთ ბავშვი სკოლაში.
პირველ რიგში გირჩევთ, წინასწარ გაეცნოთ რეგისტრაციის ვიდეო-ინსტრუქციას - https://youtu.be/1bCSvZsGPTs
ნახეთ რა მონაცემების შეყვანა გჭირდებათ რეგისტრაციისას და ისინი ზეპირად დაიმახსოვრეთ ან ამოიწერეთ - ეს მეთოდი საშუალებას მოგცემთ, რეგისტრაციისას დამატებით არ ეძებოთ საჭირო მონაცემები და სწრაფად შეავსოთ მოცემული გრაფები.
ონლაინ რეგისტრაციისას მშობელი შედის საიტზე: registration.emis.ge, ირჩევს რეგისტრაციის ბმულს და იწყებს მონაცემების შეყვანას თანმიმდევრულად და სრულად, მითითებული ველების გამოტოვების გარეშე.
საქართველოს მოქალაქის/ბინადრობის მოწმობის მქონე პირს, პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციისათვის დასჭირდება: ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვე/მზრუნველის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი და, სურვილის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტა.
უცხო ქვეყნის მოქალაქის/ბინადრობის მოწმობის არმქონე პირს, პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციისათვის დასჭირდება ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, ქვეყანა (რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს ბავშვი), ერთ-ერთი მშობლის ან მეურვე/მზრუნველის პირადი ან უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ნომერი, სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი და, სურვილის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტა.
გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის დასრულებამდე ეკრანზე გამოდის მოსწავლის შესახებ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაცია და უნიკალური კოდი, რომელსაც სისტემა ავტომატურად მიანიჭებს თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს.
ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისთვის.
რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეგისტრაციის განმახორციელებელი პირის მიერ მითითებულ მობილურის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტაზე გადაიგზავნება რეგისტრაციის უნიკალური კოდი.
2025-2026 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლის პირველ კლასში რეგისტრაციის უფლება აქვს პირს, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
საჯარო სკოლების შესახებ ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს: https://skolebi.emis.ge/