ხობის მუნიციპალიტეტის, ქარიატის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და იმავდროულად კი თავად სკოლის კონცეფციის შემუშავება, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების ფარგლებში, ქარიატის საჯარო სკოლამ შექმნა თავისი გერბი, რომელიც აერთიანებს წარსულსა და აწმყოს, ხაზს უსვამს ერთიანობის მნიშვნელობას და ამის შესახებ ვრცლად სკოლის ადმინისტრაცია თავად გვიამბობს:
„ქარიატის საჯარო სკოლის გერბი შესრულებულია თბილ ფერებში, რომელიც მარტივად ამყარებს კავშირს მზესთან. რკალისებრი, სხივებით შევსებული მზე და მის ფონზე გადაშლილი წიგნი ქარიატის საჯარო სკოლის გერბის მთავარი ატრიბუტებია, რომელიც განათლების სიმბოლოა.
უკანა ფონზე მდინარის ტალღებზე მოქანავე არგონავტთა გემი გვაქვს გამოსახული. მეორე ნაპირზე კი თანამედროვე ბავშვები არიან, რომლებიც ღიმილით ესალმებიან არგონავტებს.
იცით, ალბათ, რომ არგონავტები შავი ზღვიდან მდინარე ხობისწყლის აუზში შემოვიდნენ. მათ მოაღწიეს ჩვენს სოფლამდეც. მაშინაც თვალწარმტაცი სილამაზის ყოფილა ხობისწყლის სანაპიროები. მოხიბლულან მისით არგონავტები და აღფრთოვანებით უთქვამთ, „ქარიენტე“, რაც თარგმანში აყვავებულ მხარეს ნიშნავს. ზუსტად იმ დროიდან მოყოლებული ჰქვია ჩვენს სოფელ ქარიატა. ეს უწყვეტი კავშირია გამოხატული ჩვენი სკოლის გერბზე, ეს აღნიშნავს დიალოგს წარსულსა და მომავალს შორის, ასევე მეგობრულ ურთიერთობებს. ვფიქრობთ, ამ ღირებულებების გარეშე არ არსებობს კარგი განათლება.
და ბოლოს, სლოგანი: „ცოდნა სინათლეა“ - ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი ფრაზაა, რომელშიც ჩატეულია განათლების, სწავლის მთავარი არსი. ცოდნაა ყველაფრის საფუძველი, მისით გვარდება ყველა პრობლემა და მივდივართ წინ.
დიახ, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ცოდნა სინათლეა“!