საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა, რომელსაც პედაგოგი - ემილია ჭუჭულაშვილი ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია იმ რთულ და საინტერესო გზაზე, რომელიც წიგნმა განვლო, სანამ ჩვენამდე მოაღწევდა. ბავშვებმა ისაუბრეს, როგორ იქმნებოდა პირველი ხელნაწერები, რა მასალებს იყენებდნენ ძველად და როგორ განვითარდა ბეჭდვის ტექნოლოგია დროთა განმავლობაში; ასევე გაეცნენ სხვადასხვა კულტურის წვლილს წიგნის ისტორიაში და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას ცოდნის გავრცელებისა და თაობებს შორის კავშირის დამყარებაში.
„ასეთი გაკვეთილები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის. ისინი არა მხოლოდ აფართოებენ მათ თვალსაწიერს, არამედ უღვივებენ წიგნის სიყვარულს და აფასებენ იმ უზარმაზარ შრომას, რომელიც მის შექმნასა და შენარჩუნებას უკავშირდება.
გაკვეთილი იყო საინტერესო და შემეცნებითი. მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ და კიდევ უფრო მეტად დაუმეგობრდებიან წიგნებს - ჯადოსნურ ფანჯრებს სხვა სამყაროებში“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც „იუნესკომ“ დააწესა და რომელიც ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.
1923 წელს კატალონიელმა წიგნის გამყიდველებმა, მიგელ დე სერვანტესისა და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს წიგნების ფესტივალი მოაწყვეს, რომელიც ტრადიციად 1995 წლიდან იქცა.