„არაერთი პრობლემის სათავე, არის ის, რომ სკოლის ასაკში ბავშვებს ვერ ვასწავლით ადამიანის უფლებებს“ - სახალხო დამცველის კვლევა
25-06-2018
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წარმოადგინა სახალხო  დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის „კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში“. 

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ 64 საჯარო და კერძო სკოლა გამოიკვლია. ინტერვიუები სამ სამიზნე ჯგუფს ჩაუტარდა: მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეებს, იმ საგნების პედაგოგებს, რომელთა სასწავლო პროგრამაც მოიცავს ადამიანის უფლებების ასპექტებს და სკოლების ადმინისტრაციას. კვლევის ფარგლებში ჯამში 1480 ინტერვიუ ჩატარდა. 

როგორც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიმართულებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, სასწავლო პროგრამებში ადამიანის უფლებებს ჯერ კიდევ მოკრძალებული ადგილი უკავია და ძირითადად საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგის საგნებშია ასახული.

„არაერთი პრობლემის სათავე, რაც დღეს საქართველოში არსებობს, არის სწორედ ის, რომ სკოლის ასაკში ბავშვებს ვერ ვასწავლით ადამიანის უფლებებს. კვლევაში საუბარია ასევე ჩაგვრაზე. ბევრი მოსწავლე საუბრობს, რომ ან მას შეხებია, ან მის გარშემო ხდება ჩაგვრა, თუმცა ამაზე რეაგირების და შეტყობინების სისტემა საგანმანათლებლო სივრცეში არ არსებობს. თავად პედაგოგების კვალიფიკაცია არის გასაზრდელი იმიტომ, რომ იმ მასწავლებლებსაც, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან ამ საგნებს, ადამიანის უფლებების შესახებ ძალიან მცდარი წარმოდგენები აქვთ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კვლევა აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრისთვის რეკომენდაციებსაც აერთიანებს. მათ შორისაა, სასწავლო გეგმის დახვეწა, სხვადასხვა საგანში ადამიანის უფლებების საკითხების ინტეგრირება, მოსწავლეების ანონიმურობის დაცვა ამ პრობლემებზე საუბრისას.

იხილეთ კვლევის ელექტრონული ვერსია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203