კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი ექსკურსია მოეწყო, რომელიც იმერეთის გეოგრაფიულ კვლევას ემსახურებოდა.
საინტერესო ექსკურსია-გაკვეთილი „ანაბასისის“ გეოგრაფიის პედაგოგმა - რუსუდან გურგენაშვილმა დაგეგმა მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის (კლასის ხელმძღვანელები: ეკატერინე ჩაჩიბაია, თამარ მალაღურაძე).
ექსკურსია-გაკვეთილის მიზანი იყო ზესტაფონის, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების შედარებითი ანალიზი, გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნებრივი პირობების, რესურსების, დემოგრაფიული მახასიათებლების, ეკონომიკური საქმიანობის, კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის, სოციალური ინფრასტრუქტურის, არსებული პრობლემებისა და განვითარების პერსპექტივების ჭრილში.
მოსწავლეებმა დილა მატარებლით გამგზავრებით დაიწყეს და ყვირილის ხეობის ბუნებრივი ლანდშაფტი, სალიეთის წიაღისეულის მოპოვების ადგილი და ჭიათურის გამამდიდრებელი ფაბრიკის მიდამოები დეტალურად შეისწავლეს. გზად დააკვირდნენ სხვადასხვა გეოლოგიურ ქანებს.
მოგზაურობა ავტოტრანსპორტით გაგრძელდა. საჩხერეში მოსწავლეებმა მოინახულეს მოდინახეს ციხე, აკაკი წერთლის სახლ-მუზეუმი, ძიძისეული სახლი და მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი. ასევე, ეწვიენ მღვიმის მონასტერს. ჭიათურაში, სოფელ ნაგუთში მოსწავლეები საბაგირო გზით ავიდნენ, დაათვალიერეს კაცხის სვეტი, შეადარეს ჭიათურისა და საჩხერის მცენარეული საფარი და რელიეფი.
ასევე, კარგად დაინახეს იმერეთის მაღლობი, კავკასიონის ქედი და სამხრეთ მთიანეთი. ექსკურსიამ წარმატებით მიაღწია დასახულ მიზანს — მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და გაიღრმავეს ანალიზის უნარები გეოგრაფიის სხვადასხვა მიმართულებით.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: