გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკის ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
„მათემატიკით ადამიანი უძველესი დროიდან სარგებლობს, გამოყენებითი გეომეტრიის უძველესი ნიმუში კი 3 700 წლისაა. დღეს ხშირად გვავიწყდება, რომ მათემატიკას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს მოწესრიგებულ და ინფორმირებულ ყოველდღიურობას.
მეცნიერების ყველა დარგი მათემატიკას ეფუძნება. მათემატიკა უნივერსალური ენაა ნებისმიერ ენაზე მოსაუბრე მეცნიერისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ეს ყველაფერი კარგად არის გააზრებული გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ, რომელსაც ხელმძღვანელობს გამოცდილი და კრეატიული უნარებით დაჯილდოებული მასწავლებელი ელისო ვეკუა, 5-8 მაისი სკოლაში „მათემატიკის კვირეულად“ გამოაცხადა.
ამჯერად, კვირეულის თემა იყო „გეომეტრიული ფიგურები და მათი თვისებები“. კვირის ყოველი დღე დატვირთული იყო საინტერესო, სახალისო, შემეცნებითი ღონისძიებებით. კლასებს შორის ჩატარდა კონკურსი - „გეომეტრიული ფიგურებით შექმნილი სათამაშოები“, მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ გეომეტრიული ცნებებისა და თეორემების ცოდნაში, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საკუთარი თავი გამოსცადეს ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებლის - მანანა კაკაჩიას მიერ შექმნილი მათემატიკური გამოცანების გამოცნობაში, ჩაატარეს „გეომეტრიული ფიგურების კონკურსი“, რომლის სცენარიც ეკუთვნის პედაგოგ ასმათ გახარიას. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და გაიღრმავეს ცოდნა მათემატიკაში.
კვირის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებული კლასები და მოსწავლეები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით.
„მადლობა კათედრის ხელმძღვანელს , მასწავლებლებს ამ ლამაზი ღონისძიების მოწყობა-ჩატარებისთვის. მეცხრე და მეთერთმეტეკლასელებს დარბაზის გაფორმებაში დახმარებისთვის.
წარმატებები მოსწავლეებს მათემატიკის რთულ და საინტერესო სამყაროში მოგზაურობისას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: