ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.
სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობით, წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს.
ახლახან ჩხორიის საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ.
ღია კარის დღეზე, უნივერსიტეტში მიღების პროცედურასა და კარიერული განვითარების ხელშეწყობაზე, სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული განვითარების ხელმძღვანელმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
გარდა ამისა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა წარუდგინა პრეზენტაცია - საერთაშორისო ურთიერთობებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ. მოსწავლეებმა მოისმინეს საჯარო ლექცია, დაათვალიერეს უნივერსიტეტის ლაბორატორიები, მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სიმულაციებში - თუ როგორ უნდა გაუწიონ დაზარალებულ ადამიანებს პირველადი დახმარება, როგორ ჩაუტარონ ხელოვნური სუნთქვა... მათ მიეცათ შესაძლებლობა, უშუალოდ ჩართულიყვნენ ამ პროცესში, სტომატოლოგიურ-სიმულაციურ კაბინეტში კი მიიღეს დეტალური ინფორმაცია სტომატოლოგიური ფაკულტეტის შესახებ.
ვიდეო იხილეთ ბმულზე.