ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, პატარა სამსარის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების უშუალო ჩართულობით იღებენ საფუძვლიან განათლებას და იმავდროულად, ერთვებიან ისეთ პროექტებში, რომლებიც მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების განვითარებას უწყობს ხელს.
ახლახან პატარა სამსარის საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელიც მიმართული გახლდათ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ - ბავშვებმა შეიმეცნეს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. აქტივობას კი ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ლუსია კურგინიანი.
„პატარა სამსარის საჯარო სკოლაში 8 მაისს ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის მიზანი იყო სკოლის ეზოსა და სოფლის ცენტრამდე მიმავალი გზის დასუფთავება. აქტივობაში ჩაერთნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც გააერთიანა საერთო მიზანმა – გარემოზე ზრუნვამ.
მოსწავლეებმა საფუძვლიანად დაასუფთავეს როგორც სკოლის ეზო, ისე სოფლის ცენტრამდე მიმავალი გზა.
მათ დიდი ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა ღონისძიებაში და აღნიშნეს, რომ მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ სისუფთავის შენარჩუნებას უწყობს ხელს, არამედ განაპირობებს ბუნების მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას. მოსწავლეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სოფლის მაცხოვრებლებიც დააფასებენ მათ ძალისხმევას და მომავალში უფრო ყურადღებით, პასუხისმგებლობით მოეკიდებიან გარემოს და შეინარჩუნებენ სისუფთავეს.
ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისა და ერთობლივი შრომის მნიშვნელობის უკეთ გააზრების თვალსაზრისით“, - აღნიშნავენ სკოლაში.