საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მუსიკალური გუნდი „იაკამი“ ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით, წარმატებით წარდგა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსის პირველ ტურზე.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს პრესტიჟული კონკურსი მიზნად ისახავს აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაციას, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვას, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერასა და განვითარებას, საშემსრულებლო დონის ამაღლებასა და მრავალ სხვა მნიშვნელოვან ამოცანას. კონკურსი ხელს უწყობს საქართველოს საგუნდო კოლექტივების მონიტორინგს, სამუშაო გამოცდილებისა და რეპერტუარის გაზიარებას, შემოქმედებითი კავშირების დამყარებას, ახალი სახელების აღმოჩენას საგუნდო შემსრულებლობაში, ახალგაზრდა ნიჭიერი ქორმაისტერთა წარმოჩენასა და წახალისებას, ასევე ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების პოპულარიზაციას.
სასიხარულოა, რომ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში არსებულ ნებისმიერ საშემსრულებლო კოლექტივს, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებსა და მოთხოვნებს. კონკურსი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის აკადემიურ საგუნდო სიმღერას (A), ქართულ ხალხურ სიმღერას (B) და ქართულ გალობას (C), თითოეული კატეგორია კი იყოფა ასაკობრივ ქვეკატეგორიებად.
„იაკამის“ წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალი თაობის ნიჭსა და მონდომებას, ასევე, მისი ხელმძღვანელის, ნინო ბიბილურის პროფესიონალიზმს.
„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას კონკურსის მომდევნო ეტაპებზე! დარწმუნებული ვართ, თქვენ კიდევ არაერთხელ გაგვახარებთ შესანიშნავი შესრულებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და „იაკამის“ გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.