მასწავლებელთა პრემიაზე განაცხადების მიღება იწყება - განათლების სამინისტრო ვადებს ასახელებს
10-05-2025
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. 
 
უწყების ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს.
 
წლის საუკეთესო, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.
 
„ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია დამსახურებულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს აკისრიათ. შესაბამისად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებაზე“,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, 2023 წელს, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია დაწესდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...