საპენსიო სქემიდან გასვლის წესი დამტკიცდა - დოკუმენტი სკოლისა და ბაღის მასწავლებლებსაც ეხება
10-05-2025

„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნების და ნებაყოფლობით, ხელახლა გაწევრიანების წესი დამტკიცდა.

საპენსიო სქემიდან გასვლის უფლების მქონე დასაქმებული და ამ უფლებით სარგებლობის ვადები

დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტოს 24:00 საათი) შეუსრულდა 40 წელი და არ სურს იყოს საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანების თარიღიდან 5 (ხუთი) თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანების თარიღიდან 3 (სამი) თვისა, გავიდეს საპენსიო სქემიდან ამ წესის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული არ ისარგებლებს ამ წესის შესაბამისად, საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, ის რჩება საპენსიო სქემის მონაწილედ.

დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანება

საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანების უფლებამოსილება აქვს ყველა დასაქმებულს, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტოს 24:00 საათი) შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, და თვითდასაქმებულისთვის (ასაკის მიუხედავად), თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.

საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით, ხელახლა გაწევრიანების უფლებამოსილება აქვს ნებისმიერ დასაქმებულს, რომელმაც კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე უარი თქვა დაგროვებით საპენსიო სქემაზე და ასევე დასაქმებულს, რომელმაც კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, ერთიანი გადახდით მიიღო შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსია.

დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანების შემთხვევაში, დასაქმებული/თვითდასაქმებული ჩაითვლება საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრიანებულად და არ იქნება უფლებამოსილი დატოვოს საპენსიო სქემა. ამასთანავე, დასაქმებულმა, რომელმაც კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე მიიღო პენსია ერთიანი გადახდით, საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანების შემთხვევაში მას ასევე აღარ ექნება უფლება, კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნა და გაცემა.

„საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანებული მონაწილის სახელით და მის სასარგებლოდ, კანონით დადგენილი წესით, საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა დასაქმებულის მიერ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, ხოლო თვითდასაქმებულის მიერ თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...