გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თაზაქენდის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, სთავაზობენ მრავალფეროვან გაკვეთილებს და იმაზეც ზრუნავენ, ბავშვებისთვის სკოლაში გატარებული დრო ნამდვილ დღესასწაულად აქციონ.
ამის დასტურია, თაზაქენდის საჯარო სკოლაში ჩატარებული შემოქმედებითი ღონისძიებები, რომლებიც მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება და მნიშვნელოვან თარიღებს ეძღვნება.
ახლახან თაზაქენდის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების სპეციალისტის - თეა ქაშიაშვილისა და მუსიკის მასწავლებლის - ჯული დავითაშვილის ორგანიზებით გაიმართა თეატრალური წარმოდგენა. ღონისძიება კი მიეძღვნა 1-ელ ივნისს, ბავშთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს.
ეს გახლავთ კოსტიუმირებული სანახაობა, სადაც მოსწავლეებმა საუცხოოდ მოირგეს როლები, წარმოაჩინეს შემოქმედებითი უნარები და კიდევ ერთი დღესასწაული აჩუქეს მშობლიურ სკოლას, წარმოდგენის დასასრულს კი თითოეულ მათგანს წამახალისებელი სიგელი გადაეცა.
ინფორმაციისთვის: 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 1950-იანი წლებიდან მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა აღნიშნავს. ეს არის დღე, რომელიც ეძღვნება ბავშვების წინაშე არსებული სხვადასხვა საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე, ბავშვების დაცვისა და კეთილდღეობის აუცილებლობის აღიარებას. ამ დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეა კავშირი გარემოს, ბუნებასა და ბავშვების კეთილდღეობას შორის.
პირველად ბავშვთა დაცვის დღე 1925 წლის 1-ელ ივნისს იზეიმეს, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე მიმდინარეობდა მსჯელობა ბავშვთა დაცვასა და კეთილდღეობაზე. სწორედ ამ დღეს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში შეკრიბა მიუსაფარი ჩინელი ბავშვები და მათ ფესტივალი „დუან-უცზე“ ანუ დრაკონის ნავების ფესტივალი მოუწყო.
იხილეთ ფოტოები: