ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
მათ შორის აღსანიშნავია, შთამბეჭდავი პროექტი სახელწოდებით - „მეჯლისი მეფე მზის კარზე“, რომლის პრეზენტაციასაც მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი და საინტერესო ინსცენირება დადგეს. მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და XVII-XVIII საუკუნის საფრანგეთის მონარქთა ცხოვრება გააცოცხლეს.
პროექტის შესახებ მისი ავტორი ისტორიის მასწავლებელი ნაირა აფციაური გვესაუბრა:
„ისტორიის სწავლების ხერხების გამრავალფეროვნების, მოტივაციის ამაღლებისა და სკოლაში შემოქმედებითი გარემოს შესაქმნელად ხშირად მივმართავ არაფორმალურ სწავლებას.
ამჯერად XVII-XVIII საუკუნის საფრანგეთით დავინტერესდით. „მეჯლისი მეფე მზის კარზე“- ასეთი სათაურის ქვეშ ვიმუშავეთ პროექტზე.
ყველაზე მეტად მსიამოვნებს ის, რომ მოსწავლეების ინიციატივითვე პროექტის პრეზენტაცია ქველმოქმედებით დამთავრდა. ბილეთები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გავყიდეთ და შემოსული თანხა კი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადავრიცხეთ“,- გვეუბნება პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: