დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიებების სერია ნოქალაქევის საჯარო სკოლაში 
16-04-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება. 

14 აპრილი ქართული ენის დაცვის, დედაენის დღეა. ეს მნიშვნელოვანი თარიღი სკოლაში არაერთი ღონისძიებითა თუ აქტივობით აღინიშნა. 

მათ შორის, მე-4 კლასში დასრულდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ციალა გოგოლიმ განახორციელა.

კვირეულის ფარგლებში, სკოლის ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ ისტორიულ თარიღზე, მის მნიშვნელობაზე;

მე-4 კლასელები გადანაწილდნენ ორ გუნდში და ერთმანეთს შეეჯიბრნენ დედაენისადმი მიძღვნილი ლექსების მხატვრულ კითხვასა და გამონათქვამებში. შეასრულეს სიმღერები დედაენაზე;

ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომლის მიზანი იყო წერითი უნარების გაუმჯობესება. მოსწავლეებმა საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევები შექმნეს. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

ასევე მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, განახორციელეს აქტივობა - არა ბარბარიზმებს“, რომელიც  მიზნად ისახავდა სალაპარაკო ენაში დამკვიდრებული ბარბარიზმების წარმოჩენას.

მე-4 კლასელებმა დაამზადეს ხელთნაკეთი წიგნი ქართული ანბანის ასო-ბგერის შესაბამისი ერთსტროფიანი ლექსითა და გამოცანით, რომელიც როგორც სასწავლო რესურსი საჩუქრად გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას პირველკლასელთათვის გამოსაყენებლად.

ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა ჯგერენაიამ, მოსწავლეებს კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203