ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში დეტალურად არის გაწერილი საბავშვო ბაღის უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით, რომელსაც etaloni.ge გთავაზობთ.
1. დაწესებულება ახორციელებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.
2. დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობებით დადგენილი განათლების უფლებისა და ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სხვა უფლებების დაცვასა და პატივისცემას;
ბ) დაწესებულებისთვის დადგენილი სტანდარტების დაცვას;
გ) ინკლუზიურ განათლებასთან, ძალადობისგან ბავშვის დაცვასთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარიასა და ჰიგიენასთან დაკავშირებული სტანდარტების შესაბამისად დაწესებულების სტრატეგიის შემუშავებას;
დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების სრულ გამჭვირვალობას;
ე) ბავშვთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან ეფექტიან ურთიერთობას.
ვ) ბავშვისთვის საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალებებით მიწოდებას.
3. საჯარო დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) ყველა ბავშვისთვის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების პროცესში ბავშვთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ჩართულობას.
4. დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში ბავშვის სპორტულ აქტივობას, რომლის მიზანი უნდა იყოს ადრეულ ასაკში ბავშვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.