წყემის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კვირეული მიეძღვნა 
16-04-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება. 

14 აპრილი დედაენის დღეა. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეული გაიმართა. 

ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია საინტერესოდ წარიმართა და ემსახურებოდა ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, წარმოჩენა-დაფასებას.

 მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდაიდეს, დაწერეს ესეები თემაზე - „ენა ბურჯია ერისა“, შექმნეს კალიგრაფიული ნამუშევრები და მოქარგეს ქართული ანბანი. 

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...